ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|
|
∘ თეიმურაზ შენგელია ∘ უმაღლესი განათლების სისტემის სამუშაო ძალის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადობა ანოტაცია. უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტებში ბაზრის მოთხოვნის დადგენის საკითხი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას. ცხადია ისიც, რომ ამ საფუძველზე უნდა იგებოდეს ქვეყნის განათლების სტრატეგია. ცივილიზებული სამყაროს მიდგომა ეფუძნება განათლების სისტემის აგებაში მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო პრინციპების იმპლემენტაციის საკითხს. ამ მხრივ გამონაკლის არ წარმოადგენს საქართველოც. აღნიშნული პრობლემის შესწავლას, მის საფუძვლიან ანალიზს მიეძღვნა არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვლევა. ისინი წარიმართა რამდენიმე მიმართულებით: სამუშაო ძალის ბაზარზე კვალიფიცირებული ადამიანური რესურსების მიწოდებისა და ამ რესურსებზე მოთხოვნის დაბალანსება; უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულთა კომპეტენციებისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობის მიღწევა; უმაღლესი განათლების როლის ზრდა სოციალური მობილობისა უზრუნველყოფის პროცესში. უმაღლესი განათლების სპეციალისტების მიწოდებისა და სამუშაო ძალის ბაზრის მოთხოვნების ხარისხობრივი და რაოდენობრივი ანალიზის შედეგების გამოყენება და ამ საფუძველზე არგუმენტირებული რეკომენდაციების შემუშავება, მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების სფეროში სწორი სახელმწიფო პოლიტიკის რეგულირების პროცესში. საკვანძო სიტყვები: განათლების სტრატეგია, უმაღლესი განათლება, სამუშაო ძალის ბაზარი, რეგულირება, სახელმწიფო პოლიტიკა. შესავალი ცოდნის ეკონომიკის ეპოქაში უმაღლესი განათლება მსოფლიო განვითარებისა და კონკურენციის მამოძრავებელი ძალა გახდა. სწავლების, კვლევისა და ინოვაციების დანერგვის გზით ის ხელს უწყობს ახალი ცოდნის მარაგის შექმნას და სამუშაო ძალის კომპეტენციების მუდმივ განვითარებას, რაც შესაბამისად აისახება ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაში (Sursock and Smidt, 2023). ამ არგუმენტებიდან გამომდინარე უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს ქვეყნებში უმაღლესი განათლების სისტემა ფართოვდება, ხოლო კვალიფიცირებული სპეციალისტების რაოდენობა მუდმივად იზრდება. მაგალითად, 2012-2022 წლებში ევროპის უმაღლესი განათლების სისტემაში სტუდენტთა რაოდენობა საშუალოდ 36%-ით გაიზარდა, ხოლო მათი წლიური ზრდა 2,9 პროცენტს აღწევს, რაც წინა წლებთან შედარებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია (ILO, 2023). უმაღლესი განათლების სისტემის გაფართოების ეს ტენდენცია ეფუძნება არგუმენტს, რომლის მიხედვითაც განათლების სისტემის სრულყოფა ნიშნავს საზოგადოების როგორც სოციალურ (სტაბილურობისა და კეთილდღეობის მაჩვენებლების ზრდა), ასევე ეკონომიკურ (შემოსავლებისა და დასაქმების მაჩვენებლების ზრდა, ადამიანური კაპიტალის განვითარება) განვითარებას (Machin and McNally, 2022). უმაღლესი განათლების სისტემის უკუგების და მისი სამუშაო ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადობის დადგენა დღეისათვის მისი ეფექტიანობის შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს. უკანასკნელ წლებში სამუშაო ძალის ბაზრისა და უმაღლესი განათლების თავსებადობის პრობლემას მრავალი მნიშვნელოვანი კვლევა მიეძღვნა. ამ მხრივ საინტერესოა იუნესკოს გლობალური მონიტორინგის ანგარიში (UNESCO, 2022). სამეცნიერო ლიტერატურის ზოგადი ანალიზიდან ჩანს, რომ სამუშაო ძალის ბაზრისა და უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების ტენდენციების კოორდინაციის პროცესი მიმდინარეობს სამი სტრატეგიული მიმართულებით: პირველი — სამუშაო ძალის ბაზარზე ადამიანური რესურსის მიწოდებისა და ამ რესურსზე მოთხოვნის ბალანსის უზრუნველყოფა. მოთხოვნა-მიწოდების პრინციპის ეკონომიკური ლოგიკიდან გამომდინარე, კურსდამთავრებულთა რაოდენობის ზრდა, სხვა თანაბარ პირობებში, მათი ხელფასის კლებას უნდა იწვევდეს, რადგან ბაზარზე იზრდება შესაბამისი კვალიფიკაციის სამუშაო ძალის მიწოდება, რაც ამცირებს მის ფასს, თუმცა ეს მარტივი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სოციალურ სფეროში ყოველთვის არ მუშაობს. თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური თეორიების მიხედვით, უმაღლესი განათლების სისტემა არა მხოლოდ რეაგირებს ბაზარზე მოთხოვნების ცვალებადობაზე, არამედ თავადაც შეუძლია გამოიწვიოს კურსდამთავრებულებზე მოთხოვნის ზრდა (Machin and McNally, 2022). შესაბამისად, ამ მიმართულებით სიტუაციის მუდმივი ანალიზი, სამუშაო ძალის მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის მიღწევა და სწორი სტრატეგიის განსაზღვრა, უმაღლესი განათლების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. მეორე მიმართულება მდგომარეობს უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულთა კომპეტენციების, ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევაში. მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები ქვეყნების განათლების სფეროს წინაშე აყენებს ახალ გამოწვევებს, რადგანაც სოციალურ-ეკონომიკური პროგრესი საჭიროებს შესაბამისი უნარების განვითარებას. სამუშაო ძალის ბაზრის დინამიკაში უნდა აისახოს არა მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილების წარმოქმნა, არამედ არსებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნების ცვლილებაც (European Centre for the Development of Vocational Training, 2021). მესამე მიმართულება, სოციალური მობილობისა და სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, აისახება უმაღლესი განათლების როლის ზრდაში. ემპირიული კვლევების მიხედვით დამტკიცებულია, რომ უმაღლესი განათლების სრულყოფა უფრო მაღალი ანაზღაურებისა და დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის საწინდარს წარმოადგენს. პრაქტიკული თვალსაზრისით უმაღლესი განათლების სამუშაო ძალის ბაზრის მოთხოვნებთან ხარისხობრივი და რაოდენობრივი თანხვედრის დასადგენად გამოიყენება ორი ძირითადი მაჩვენებელი: - განათლების უკუგება; - განათლების დონეთა მიხედვით ფარდობითი სარგებელი. უმაღლესი განათლების უკუგება (ამონაგები უმაღლეს განათლებაზე გაწეული ინვესტიციებიდან) წარმოადგენს განათლებაზე გაწეული (საზოგადოებრივი და კერძო) დანახარჯებისა და განათლებიდან მიღებული ფინანსური სარგებლის ურთიერთმიმართებას. განასხვავებენ კერძო და საზოგადოებრივ უკუგებას. კერძო უკუგება კერძო სექტორის მიერ უმაღლეს განათლებაზე გაწეული დანახარჯებისა და მიღებული სარგებლის (გადასახადების დაფარვის შემდეგ) თანაფარდობაა. საზოგადოებრივი უკუგება წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ უმაღლეს განათლებაზე გაწეული ხარჯების შეფარდებას დასაქმებიდან მიღებულ შემოსავლებთან. უმაღლესი განათლების ფარდობითი სარგებელის გამოსაანგარიშებლად ადარებენ უმაღლესი განათლების მქონე პირთა შემოსავლებს და დასაქმების შესაძლებლობებს . ევროპის მასშტაბით უმაღლესი განათლების უკუგებისა და ფარდობითი სარგებლის ანალიზიდან გამომდინარე შესაძლებელია განათლების ეფექტიანობის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება : - ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიწოდების პარალელურად უმაღლეს განათლებაზე მოთხოვნაც გაიზარდა. უფრო მეტიც, ბევრ ქვეყანაში უმაღლესი განათლების მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. ეუთოს (OECD, 2022) კვლევის თანახმად, ევროპის ქვეყნებში უმაღლესი განათლების მქონე პირების დასაქმებიდან შემოსავალი 55%-ით მეტია საშუალო განათლების მქონე პირებთან შედარებით. ეს განსხვავება იზრდება ასაკთან ერთად. 25-34 ასაკობრივ ჯგუფში განსხვავება 37%-ს, 55-64 ასაკობრივ ჯგუფში კი — 69%-ს შეადგენს. - Covid 19-ის პანდემიის ფონზე განვითარებული ეკონომიკური რეცესიის შედეგად მსოფლიოს ქვეყნებში კლებულობს სამუშაო ადგილების რაოდენობა. განსაკუთრებით მაღალია უმუშევრობის მაჩვენებლები ახალგაზრდა თაობაში. უმუშევრობის მაჩვენებლების ზრდა და ახალგაზრდათა უმუშევრობის დაძლევის პრობლემა მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. 42 წლის ასაკის ადამიანებისთვის ერთი წლის უმუშევრობა შემოსავლების 21%-ით შემცირებას იწვევს (ILO, 2023). ეუთოს კვლევევების მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროპაში ახალგაზრდა თაობის უმუშევრობის მაჩვენებლები ასაკოვან მოსახლეობასთან შედარებით ორჯერ მაღალია. 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით ევროკავშირში ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი 21%-ს შეადგენს (OECD, 2022). - უმაღლესი განათლების პოტენციურად დიდი ეფექტიანობის მიუხედავად, ის საზოგადოებაში არსებული სოციალური უთანასწორობის გამოთანაბრების ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს. კვლევებით დასტურდება, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ძალიან ძლიერი, კორელაციური უკავშირია განათლებასა და მიღწეულ სოციალურ სტატუსს შორის (Bussi M. 2022). მაგალითად, განათლების დონე დასაქმებულის სტატუსის დასადგენად ყველაზე მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ განათლება გადამჭრელ როლს ასრულებს სოციალური მობილობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. გამოკვლევებით დადგინდა, რომ სოციალური მობილობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია თურქეთში, ესპანეთში, პორტუგალიასა და იტალიაში (Triventi, 2023). საქართველოში უმაღლესი განათლებისა და სამუშაო ძალის ბაზრის ურთიერთმიმართების საკითხი ბოლომდე შეუსწავლელ პრობლემად რჩება, შესაბამისად მწირია კვლევები ამ სფეროში. ამ დეფიციტს პირველ რიგში განაპირობებს ის, რომ ეროვნულ დონეზე არ არსებობს სისტემური მიდგომა შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ანალიზისათვის. მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით შეუძლებელია უმაღლესი განათლების უკუგებისა და ფარდობითი სარგებლის გამოანგარიშება. მიუხედავად ამისა, საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც დაგროვდა ემპირიული მასალა შრომის ბაზრისა და უმაღლესი განათლების ურთიერთმიმართების ზოგადი ანალიზისათვის. ინფორმაცია, ძირითადად, 2010-2021 წლების განმავლობაში საქართველოში ტემპუსის პროგრამის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებს (განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, 2022) ეყრდნობა. ამ კვლევების შედეგი იძლევა რამდენიმე ზოგადი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას: - 2022 წლის მონაცემებით, უმაღლესი განათლება საქართველოში შემოსავლებისა და დასაქმების მაჩვენებლების ზრდის მნიშვნელოვან განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს. ეს გამოიხატება იმით, რომ უმაღლესი განათლების მქონე პირთა საშუალო შემოსავალი ზოგადი განათლების მქონე პირთა საშუალო შემოსავალზე თითქმის 3-ჯერ უფრო მაღალია; უმაღლესი განათლების მქონე პირთა დასაქმების შანსები, საშუალო განათლების მქონე პირებთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა. - უმაღლესი აკადემიური განათლების უკუგების შემდგომი ზრდისთვის შემაფერხებელ ფაქტორებს წარმოადგენს უმაღლესი განათლების მქონე პირთა კომპეტენციების ბაზრის მოთხოვნებთან ნაკლები თავსებადობა. კერძოდ, საქართველოში უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე დასაქმებულ პირთა შორის, სპეციალობით მხოლოდ 40% მუშაობს, რაც ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი განათლების მქონე პირთა მხოლოდ მეოთხედია. - უმაღლესი განათლება საზოგადოებაში არსებული სოციალური უთანასწორობის გამოთანაბრების პოტენციურად ეფექტიანი ინსტრუმენტია, თუმცა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა დღეისათვის კვლავ შეზღუდულია. სოციალურად ღარიბი მოსახლეობის ჯგუფში უმაღლეს განათლებაში ჩართულობის მაჩვენებელი 9%-ს შეადგენს, ხოლო შედარებით მდიდარი მოსახლეობის ჯგუფში — 38%-ს. უმაღლესი განათლების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვის მიზნით აუცილებლად მიგვაჩნია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება: უმაღლესი განათლების უკუგებისა და ფარდობითი სარგებლის ზრდის მსოფლიო ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოში მიზანშეწონილია უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების ზრდა, რადგან საერთაშაორისო კვლევების თანახმად, უმაღლესი განათლების დაფინანსების ზრდა იწვევს დასაქმებისა და შემოსავლების მაჩვენებლების გაუმჯობესებას. უმაღლეს განათლებაზე ხარჯების რაციონალიზაციისათვის მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი განათლების სუბსიდირებისას გათვალისწინებული იქნეს რეალური უკუგების მაჩვენებლები აკადემიური მიმართულებების მიხედვით. აუცილებელია სახელმწიფოში მოწესრიგდეს უმაღლესი განათლების უკუგების მაჩვენებლების შეგროვებისა და გაანგარიშების პრაქტიკა. ამ მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა: დასაქმების, განათლების საფეხურებისა და კლასიფიკაციის არსებული მოდელის სრულყოფა იუნესკოს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მოთხოვნათა მიხედვით. დასკვნა წინამდებარე გამოკვლევაში ჩვენ მიერ გაანალიზებულია სამუშაო ძალის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისად უმაღლესი განათლების რეორგანიზაციის შესაძლებლობანი. ნაშრომში შესწავლილია ის ზოგადი ტენდენციები, რომლითაც ხასიათდება განათლების და სამუშაო ძალის თავსებადობა ევროპასა და საქართველოში. უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების ტენდენციების კოორდინაციის მიზნით ნაშრომში გაანალიზებულია: სამუშაო ძალის ბაზარზე ადამიანური რესურსის მიწოდებისა და ამ რესურსზე მოთხოვნის ბალანსის უზრუნველყოფა; უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულთა კომპეტენციების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა და უმაღლესი განათლების როლი სოციალური მობილობისა და სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფაში. განათლების უკუგებისა და განათლების დონეების მიხედვით ფარდობითი სარგებლის მაჩვენებლების ანალიზმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ შეგვემუშავებინა ის რეკომენდაციები, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განათლების სფეროში ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკას. ლიტერატურა
|